ჩვენს შესახებ

სკოლის მისია და ფუნქციაა: –– მოზარდთა კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და აზროვნების უნარი; მისცეს მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, რაც კიდევ ერთი საფუძველი იქნება საქართველოსთვის დაიკავოს თავისი კუთვნილი და ღირსეული ადგილი ცივილიზებულ სამყაროში.

სკოლის ძირითადი პრინციპები და ღირებულებებია: –– ქართული ეროვნულ–პატრიოტული სულისკვეთებით მომავალი თაობის აღზრდა; თანამედროვე აპრობირებული, ეროვნული სასწავლო პროგრამებითა და მეთოდებით მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემა; მოსწავლეთა მომზადება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის; სწავლისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნა; მოსწავლეში ლიბერალურ–დემოკრატიული, ეროვნულ ტრადიციული, ჰუმანური, ტოლერანტული, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის თვისებების ჩამოყალიბება. ყოველივე ეს კი ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ეროვნულობას; პატრიოტიზმს; ჰუმანიზმს; ტოლერანტობას; სამართლიანობას; პასუხისმგებლობას; დემოკრატიზმსა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებსა და ღირებულებებს.

სკოლაში სწავლების პრიორიტეტებია: –– გარდა ეროვნული სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული დისციპლინებისა – უცხოური ენების: ინგლისურის (გრიფირებულ სახელმძღვანელოებად ერთად ოქსფორდისა და კემბრიჯის გადმოცემებით I-კლასიდან), რუსულის (როგორც მეორე უცხო ენა) ფრანგულის, ესპანურის, იტალიურის ან გერმანულის (მშობელთა არჩევით VII-კლა–სიდან), აგრეთვე უნარ–ჩვევების გაღრმავებული სწავლება და სწავლის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო–სასწავლო ტექნოლოგიების, პროგრამებისა და მეთოდების გამოყენება; საერთაშორისო დისტანციური სწავლების პროგრამებში მოსწავლეთა ჩართვა და საერთაშორისო კავშირების დამყარება გაცვლითი სასწავლო პროგრამების სახით; ქართული ეროვნული ცეკვების, სიმღერის(მათ შორის პოპულარული ქართული და უცხოური), და სახვითი ხელოვნებისა (ფერწერა, ძერწვა და ქარგვა) და ჭადრაკის მაღალ დონეზე სწავლება. სკოლაში სწავლების ძირითადი შინაარსი დაფუძნებულია მოწინავე, ინოვაციური პედაგოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის მიღწევების ბაზაზე და ითვალისწინებს ტრადიციული და არატრადიციული საავტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო-მეთოდური მასალების გამოყენებასა და ახლის შექმნას.